გერმანული ღვინის სპეციალიზებული გამოცემა „Meininger’s Weinwelt“-მა საქართველოს, კერძოდ, იმერეთის შესახებ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა.  სტატიის ავტორი, ჟურნალისტი თომას ბრენდლი მკითხველს იმერეთის მცირე მარნების, ადგილობრივი ვაზის ჯიშების, ტრადიციების, სამზარეულოსა და რეგიონის უნიკალური სტუმართმოყვარეობის სამყაროში ამოგზაურებს. სტატიის ყურადღების ცენტრშია იმერეთის მცირე მარნები და ადგილობრივი ვაზის ჯიშები - ციცქა, ცოლიკოური, კრახუნა და ოცხანური საფერე. ეს ჯიშები იმერული ღვინის ინდივიდუალურობასა და მრავალფეროვნებას განსაზღვრავს და მკითხველს საშუალებას აძლევს, საქართველო მხოლოდ ცნობილი საფერავისა და ქვევრის ღვინის სამშობლოდ კი არა, გაცილებით უფრო მრავალფეროვან ღვინის ქვეყნად დაინახოს. იმერეთის ღვინის განსაკუთრებულობას მისი ბუნებრივი გარემოც განაპირობებს. დასავლეთ საქართველოს ნოტიო კლიმატი, მრავალფეროვანი ნიადაგები და განსხვავებული მიკროზონები ქმნის პირობებს, რომლებშიც მსუბუქი, ცოცხალი და გამორჩეული სტილის ღვინოები იქმნება. რეგიონის ტრადიციული მეღვინეობა კი თანამედროვე მცირე მარნების საქმიანობაში ახალ სიცოცხლეს იძენს. თომას ბრენდლის იმერეთისადმი ინტერესი შემთხვევითი არ არის. ის 2024 წელს საქართველოში, იმერული ღვინის კონკურსის -  Imeretian Wine Challenge-ის ჟიურის წევრადაც იმყოფებოდა. კონკურსის ორგანიზატორების ინფორმაციით, ბრენდლი ღვინის ექსპერტია, საერთაშორისო კონკურსების ჟიურის წევრი და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის ღვინის ქვეყნების პრომოუტერი. იმერეთის რეგიონი სტუმარს სთავაზობს ისეთ გამოცდილებას, რომელშიც ღვინო ბუნებრივად ერთიანდება ადგილობრივ სამზარეულოსთან, სოფლის ცხოვრებასთან, კულტურულ მემკვიდრეობასა და ადამიანებთან ურთიერთობასთან. ამ კონტექსტში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვთ მცირე საოჯახო მარნებს. მათი ნაწილი სტუმრებს პირდაპირ ვენახებსა და მარანში მასპინძლობს, აცნობს ღვინის დაყენების ადგილობრივ წესებს და საშუალებას აძლევს, ღვინო არა მხოლოდ დააგემოვნონ, არამედ მისი შექმნის ისტორიაც მოისმინონ. იმერეთის გასტრონომიული კულტურაც ამ გამოცდილების მნიშვნელოვანი ნაწილია. ადგილობრივი სამზარეულო, სეზონური პროდუქტები და ტრადიციული კერძები ღვინოსთან ერთად ქმნის იმ მთლიან სურათს, რომელიც მოგზაურს რეგიონის უკეთ აღქმაში ეხმარება. „Meininger’s Weinwelt“-ის პუბლიკაცია მნიშვნელოვანია იმ ფონზეც, რომ ქართული ღვინო ბოლო წლებში სულ უფრო აქტიურად ჩნდება საერთაშორისო პროფესიული მედიისა და ღვინის ინდუსტრიის ყურადღების ცენტრში. გერმანელი მკითხველისთვის იმერეთის ასეთი წარმოჩენა კი საქართველოსთვის უფრო ფართო შესაძლებლობას ნიშნავს: ახალი აუდიტორიის დაინტერესებას, ღვინის ექსპორტის ცნობადობის გაძლიერებას და ევროპელი მოგზაურებისთვის იმერეთის კიდევ უფრო მიმზიდველ მიმართულებად ქცევას. © ღვინის კლუბი/vinoge.com