None
NO
პატრისია მიქელაშვილი - „სიმონეთის მარანი“ - მცირე მარნების ანთოლოგია (149)
[]
"მარანი" blogs
- გვიამბეთ თქვენი მარნის შესახებ, რამ შთაგაგონათ, რომ მეღვინე გამხდარიყავით?
- ჩვენი მარანი სოფელ ქვემო სიმონეთში დაფუძნებული მეღვინეობაა, რომელიც ორ განსხვავებულ მევენახეობის რეგიონს - კახეთსა და იმერეთს აერთიანებს. ვენახები ორივე რეგიონში გვაქვს. სწორედ ამ ორი განსხვავებული ტერუარის შერწყმა ქმნის ჩვენი ღვინოების განსაკუთრებულ ხასიათს.
ვენახთან და ღვინოსთან ყოველთვის ახლოს ვიყავი, ამიტომ მეღვინეობისადმი ინტერესი ბუნებრივად ჩამომიყალიბდა. დროთა განმავლობაში ეს ინტერესი პროფესიად და საქმის სიყვარულად იქცა. დღეს ჩემი მთავარი მოტივაციაა შევქმნა ღვინო, რომელიც თითოეული რეგიონის განსაკუთრებულ ხასიათსა და ქართულ მეღვინეობის ტრადიციას ღირსეულად წარმოაჩენს.
- ვაზის რომელი ჯიშები გაქვთ გაშენებული და თქვენთვის რომელი ჯიშია განსაკუთრებით საინტერესო?
- ჩვენს ვენახებში გაშენებულია როგორც კახური, ისე იმერული ვაზის ჯიშები: საფერავი, რქაწითელი, ცოლიკაური, ციცქა, ოცხანური საფერე და კრახუნა. თითოეულ მათგანს თავისი უნიკალური ხასიათი და პოტენციალი აქვს, რაც მრავალფეროვანი ღვინოების შექმნის შესაძლებლობას გვაძლევს.
ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო ჯიში საფერავია. მიმაჩნია, რომ ის მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული წითელი საღვინე ჯიშია. მისი სიღრმე, სტრუქტურა, არომატული მრავალფეროვნება და დაძველების დიდი პოტენციალი საშუალებას იძლევა, შეიქმნას მაღალი ხარისხის და გამორჩეული ღვინოები.
- რა სახის სირთულეები/დაბრკოლებები შეგხვედრიათ თქვენს საქმიანობაში?
- მთავარი გამოწვევა კლიმატის ცვლილება და არაპროგნოზირებადი ამინდის პირობებია. წლის განმავლობაში ვენახს არაერთხელ სჭირდება გარემო პირობებთან ადაპტირება, ხოლო ზოგიერთ სეზონზე ძლიერი ყინვა, სეტყვა ან სხვა კლიმატური ფაქტორები მოსავლის რაოდენობასა და ხარისხზეც აისახება.
ჩვენ პატარა, ბუტიკური და პრემიუმ მარანი ვართ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ღვინოები მაღალი ხარისხით გამოირჩევა, ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად ბრენდის ცნობადობის ზრდას მივიჩნევთ. ჩვენი მიზანია, უფრო მეტმა ადამიანმა გაიცნოს ჩვენი ღვინო და ის ღირებულებები, რომლებიც თითოეულ ბოთლშია თავმოყრილი. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ მარკეტინგს, საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობასა და ახალი ბაზრების ათვისებას.
- თქვენი აზრით, რა უნდა დაიხვეწოს ყველაზე მეტად ღვინის სფეროში?
- ჩემი აზრით, საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის სექტორში ყველაზე მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს ვენახს, ნიადაგების უკეთ შესწავლას, ვაზის ჯიშების სწორად შერჩევასა და მათი პოტენციალის სრულად გამოვლენას. საქართველო უნიკალური ქვეყანაა თავისი მრავალფეროვანი ვაზის ჯიშებით, ვფიქრობ, ჯერ კიდევ ბევრი შესაძლებლობა გვაქვს, რომ უკეთ შევისწავლოთ ეს ჯიშები, შევქმნათ ახალი ღვინოები და განვავითაროთ. სწორედ ამაში ვხედავ ქართული მეღვინეობის როგორც მთავარ გამოწვევას, ასევე დიდ შესაძლებლობას.
- როგორია ღვინის დაყენების თქვენეული ტექნოლოგია და პროცესი?
- ღვინის დაყენებისას ვიყენებთ როგორც თანამედროვე, კლასიკურ ტექნოლოგიებს, ასევე ვაერთიანებთ ქართული ტრადიციული მეღვინეობის მეთოდებს - ქვევრში დაყენებას, ჭაჭაზე დადუღებას და სხვა პრაქტიკებს. აქტიურად ვიყენებთ მუხის კასრებს როგორც თეთრი, ისე წითელი ღვინოებისთვის, რაც ღვინოს დამატებით სტრუქტურას სძენს. ჩვენი ასორტიმენტი მრავალფეროვანია და მოიცავს სხვადასხვა სტილის ღვინოებს - ცქრიალა ღვინოებს, კარბონული მაცერაციით დამზადებულ ღვინოებს, კასრში დავარგებულ და უჟანგავი ფოლადის ავზებში დაყენებულ კლასიკურ ღვინოებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ტექნოლოგიური მიდგომა შეირჩეს კონკრეტული ვაზის ჯიშის, მოსავლის წლისა და ღვინის სასურველი ხასიათის გათვალისწინებით.
- როგორია თქვენი და თქვენი მარნის სამომავლო გეგმები და რას ურჩევდით დამწყებ მევენახე-მეღვინეებს?
- ჩვენი სამომავლო გეგმები საკმაოდ მასშტაბურია. ვაპირებთ ახალი ვენახების გაშენებას როგორც დასავლეთ საქართველოში, კერძოდ, იმერეთში, ისე აღმოსავლეთ საქართველოში - კახეთში. ასევე გვინდა ჩვენს ვენახებსა და ასორტიმენტს დავამატოთ ახალი ვაზის ჯიშები და კიდევ უფრო მეტად გამოვიკვლიოთ ქართული მევენახეობის მრავალფეროვნება.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ჩვენთვის არის ვენახის მართვის ტრადიციული პრაქტიკების გაცოცხლება და განვითარება, იმ მეთოდების, რომლებიც საქართველოში საუკუნეების განმავლობაში გამოიყენებოდა და დღესაც შეიძლება მნიშვნელოვანი ღირებულება ჰქონდეს.
დამწყებ მევენახე-მეღვინეებს ვურჩევდი, რომ პრაქტიკა უმნიშვნელოვანესია ცოდნის მუდმივ გაღრმავებასა და ექსპერიმენტებთან ერთად, რომლისაც არ უნდა შეეშინდეთ. ბევრი იკითხეთ, ისწავლეთ გამოცდილი ადამიანებისგან, დასვით კითხვები და სწავლა დაიწყეთ ვენახიდან, რადგან ხარისხიანი ღვინის საფუძველი ყოველთვის ჯანსაღი და სწორად მოვლილი ვენახია.
© ღვინის კლუბი/vinoge.com