ბუნებრივი ღვინის სამყარომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა დაკარგა. ივლისის თვეში გარდაიცვალა ფრანგი მეღვინე პასკალ პოტერი, რომელმაც თანამედროვე Pétillant Naturel (Pét-Nat)-ის განვითარებასა და დახვეწაში გადამწყვეტი როლი ითამაშა. დღეს Pét-Nat მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბუნებრივი ღვინის სტილია. თუმცა ბევრმა არ იცის, რომ 1990-იან წლებში, როდესაც ამ კატეგორიას ჯერ კიდევ ექსპერიმენტად აღიქვამდნენ, სწორედ პასკალ პოტერი იყო იმ მეღვინეთა მცირე ჯგუფში, რომლებმაც ამ ღვინოს ახალი სიცოცხლე აჩუქეს. პოტერს ხშირად „მეღვინეების მეღვინეს“ უწოდებდნენ, რაც ნაწილობრივ აღიქმებოდა კომპლიმენტად და უფრო მეტად იმ ავტორიტეტად, რომელსაც ყველა წარმატებული მეღვინე აღიარებდა. პასკალ პოტერმა მთელი თავისი მიზანი და  ფილოსოფია ერთი კითხვის გარშემო გააერთიანა - როგორ შეიძლებოდა პეტ-ნატი ყოფილიყო ისეთივე დახვეწილი, სუფთა და ხანგრძლივი დაბოლოების ღვინო, როგორიც საუკეთესო შამპანური ან კლასიკური  ღვინოებია? ამ კითხვაზე პასუხის ძიებას მან თითქმის მთელი პროფესიული ცხოვრება მიუძღვნა. 2005 წელს პოტერმა საკუთარი მეურნეობა Les Capriades დააარსა. მოგვიანებით მას მოზეს გადუში შეუერთდა და მათ ერთად შექმნეს ადგილი, რომელმაც ბუნებრივი ცქრიალა ღვინოების ისტორიაში განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა. მათი ფილოსოფია მარტივი იყო, თუმცა რთულად შესასრულებელი: ღვინოში არ უნდა ყოფილიყო არც ფილტრაცია და არც დამატებული სულფიტები. ყველაფერი მხოლოდ ყურძენს, ბუნებრივ დუღილსა და მეღვინის ცოდნას უნდა განესაზღვრა. იმ დროს, როდესაც ბევრი პეტ-ნატი ბუნდოვანი, არასტაბილური და ტექნიკურად არასრულყოფილი იყო, პოტერმა დაამტკიცა, რომ იგივე სტილით შეიძლებოდა ელეგანტური, სუფთა და მაღალხარისხიანი ღვინის შექმნა. პოტერის ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილი ტექნოლოგიური იყო. მან შესაძლებელი გახადა ღვინის სტაბილურობის მიღწევა ფილტრაციისა და სულფიტების გარეშე. ეს აღმოჩენა პეტ-ნატისთვის გადამწყვეტი აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ პეტ-ნატი 2010-იან წლებში მსოფლიო ტრენდად იქცა, პოტერი მოდის ნაწილი არასოდეს ყოფილა. პირიქით,  როდესაც ვინმე ამ სტილით სერიოზულად დაინტერესდებოდა, პირველი ადამიანი, ვისაც რჩევას ეკითხებოდნენ, სწორედ ის იყო. მისი გამოცდილებით არაერთმა ცნობილმა მეღვინემ ისარგებლა. მათ შორის იყო Domaine des Miquettes-ის პოლ ესტევი, რომელმაც პოტერის რჩევებით შთამბეჭდავი ცქრიალა რქაწითელიც კი შექმნა. პოტერი ასევე მნიშვნელოვანი მენტორი იყო ნოელა მორანტენის, ლორან საიარისა და მარი როშერისთვის. 2023 წელს, როდესაც Les Capriades დაიხურა, პოტერს არ უფიქრია მეღვინეობის მიტოვება. მას სჯეროდა, რომ კლიმატის ცვლილების პირობებში მომავალში განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნებოდა არა მხოლოდ Pét-Nat-ს, არამედ სიდრსა და poiré-საც, რადგან ისინი ბუნებრივ მჟავიანობას უკეთ ინარჩუნებენ. ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში თქვა: „თუ ჩემს საქმეს ერთ დღეში წამართმევდნენ, მოვკვდებოდი. მინდა გავაგრძელო, რადგან გაჩერებისთვის ჯერ მზად არ ვარ. ჯერ კიდევ უამრავი იდეა მაქვს.“ პასკალ პოტერმა არა მხოლოდ გამორჩეული ღვინოები დატოვა, არამედ მან შეცვალა დამოკიდებულება Pét-Nat-ის მიმართ და დაამტკიცა, რომ ბუნებრივი მეთოდით დამზადებული ცქრიალა ღვინო შეიძლება ისეთივე სერიოზული, კომპლექსური და ხანგრძლივი იყოს, როგორც მსოფლიოს საუკეთესო ღვინოები. დღეს, როდესაც Pét-Nat მსოფლიოს თითქმის ყველა მეღვინეობის რეგიონში იწარმოება, ამ სტილის საფუძვლებში პასკალ პოტერის ცოდნა, შრომა და იდეები  ცოცხლობს. ზოგი მეღვინე ღვინოს ქმნის. ზოგი კი მთელ კატეგორიას ცვლის. პასკალ პოტერი სწორედ მეორე ტიპის ადამიანი იყო. © ღვინის კლუბი/vinoge.com