None
NO
ბიოპრეპარატები ვენახში - ბუნებრივი მეთოდების შესაძლებლობები და გამოწვევები
[]
"მარანი" blogs
ინტერვიუ კარლო კიკორიასთან
ლევან სებისკვერაძე
ბოლო წლებში საქართველოში ბიომეურნეობისა და ბიოლოგიური პრეპარატების მიმართ ინტერესი მნიშვნელოვნად გაიზარდა. განსაკუთრებით ეს თვალშისაცემია მევენახეობაში, სადაც დაავადებებისა და მავნებლების წინააღმდეგ ბრძოლისას სულ უფრო ხშირად ცდილობენ ქიმიური საშუალებების გამოყენების შემცირებას და ეკოლოგიურად უსაფრთხო ალტერნატივების მოძიებას. ამ ტენდენციას ხელი შეუწყო როგორც ჯანსაღ პროდუქტზე გაზრდილმა მოთხოვნამ, ისე მომხმარებლებისა და თავად მეურნეების ინტერესმა გარემოსა და ნიადაგის დაცვის მიმართ.
თუმცა, ბიოლოგიურ პრეპარატებზე გადასვლა მხოლოდ ქიმიური საშუალებების ჩანაცვლებას არ ნიშნავს. მათი ეფექტიანი გამოყენება მოითხოვს ვენახის მდგომარეობის მუდმივ დაკვირვებას, დაავადებებისა და მავნებლების დროულ იდენტიფიცირებას, კლიმატური პირობების გათვალისწინებას და წამლობების სწორად დაგეგმვას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს საკითხი მაშინ, როდესაც კლიმატის ცვლილება ვენახებისთვის ახალ გამოწვევებს ქმნის.
„ბიოაგროს“ დამფუძნებელი, პროფესორი კარლო კიკორია, რომელიც მევენახეებს ბიოპრეპარატებს სთავაზობს, მიიჩნევს, რომ მათი ეფექტიანობა დიდწილად სწორად დაგეგმილ და ფიტოსანიტარიულ მონიტორინგზე დაფუძნებულ წამლობებზეა დამოკიდებული. მისი თქმით, სათანადო სქემის დაცვის შემთხვევაში ბიოპრეპარატების გამოყენება შესაძლებელია როგორც დაავადებებისა და მავნებლების პრევენციისთვის, ისე მათი გავრცელების შემთხვევაში. ამასთან, ბიომეურნეობაზე გადასვლა შესაძლებელია როგორც უკვე მოქმედი მეურნეობებისთვის, ისე იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ვენახის გაშენებას ახლა იწყებენ.
რა უნდა გაითვალისწინოს მევენახემ ბიოპრეპარატების გამოყენებისას, რამდენად ეფექტურია ისინი ჭრაქისა და ნაცრის წინააღმდეგ, რა უპირატესობა აქვთ ქიმიურ საშუალებებთან შედარებით და როგორ იცვლება ვენახის დაცვის სტრატეგია კლიმატის ცვლილების პირობებში - ამ საკითხებზე vinoge.com-ს კარლო კიკორია ესაუბრება.
- ბიოპრეპარატების მიმართ ინტერესი საქართველოში რამდენად გაიზარდა ბოლო წლებში და რამ განაპირობა ეს ტენდენცია?
- როგორც საოჯახო, ისე საშუალო და დიდი ბიომეურნეობების განვითარების ინტერესი განსაკუთრებით გამოიკვეთა ცნობილი კოვიდპანდემიისა და შემდეგ პერიოდში, როდესაც მეურნეების უმეტესობამ ქალაქიდან მიაშურა სოფლებს. ბიოპრეპარატების მიმართ გაზრდილი მოთხოვნები უშუალო კავშირშია სანიტარულ-ჰიგიენურად სუფთა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მომატებულ მოთხოვნებზე, როგორც ქვეყნის შიგნით ისე ქვეყნის გარეთ. ჯანსაღი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების მოხმარება მოსახლეობის ჯანმრთელობის საწინდარია.
- რომელი დაავადებებისა და მავნებლების წინააღმდეგ გამოიყენება დღეს ყველაზე ხშირად ბიოპრეპარატები ქართულ ვენახებში?
- საქართველოში, სასოფლო-სამეურნეო კულტურებიდან განსაკუთრებით - მევენახეობაში ინტენსიურად იყენებენ როგორც მავნებლების, ისე დაავადებების წინააღმდეგ ბიოპრეპარატების კომპლექსს, როგორიცაა: ჭრაქი, ნაცარი, ანთრაქნოზი, სიდამპლეები (თეთრი სიდამპლე, ნაცრისფერი სიდამპლე, შავი სიდამპლე, მჟავე სიდამპლე და სხვა); კვირტის ჭია, ყურძნის ჭია, მეგალე და აბლაბუდიანი ტკიპები, ვაზის ბალიშა, ვაზის ფქვილისებრი ცრუფარიანა და სხვა.
- რა შეცდომებს უშვებენ ყველაზე ხშირად მევენახეები პრეპარატების გამოყენებისას და როგორ შეიძლება მათი თავიდან აცილება?
- ბიოპრეპარატების გამოყენების ინტენსიურობა დამოკიდებულია პატრონ მცენარის განვითარების ფენოფაზაზე (ჯიშობრივი მახასიათებლებიდან გამომდინარე) და ძირითადად გარემო-კლიმატურ პირობებზე. აუცილებელია წამლობების ჩატარება ფიტო-სანიტარული მონიტორინგის საფუძველზე. ბიოპრეპარატების გამოყენებისას წამლობები უნდა ჩატარდეს დილის საათებში ფოთლებზე ნამის შეშრობის შემდეგ, ასევე - ღრუბლიან ამინდში ან საღამოს მზის გადასვლის შემდეგ. წინააღმდეგ შემთხვევაში, პრეპარატების ბიოლოგიური ეფექტურობა საგრძნობლად მცირდება.
- ბიოპრეპარატები რამდენად ეფექტიანია ძლიერი დაავადებების, მაგალითად - ჭრაქისა და ნაცრის წინააღმდეგ, განსაკუთრებით რთულ კლიმატურ პირობებში?
- რადგანაც ბიოპრეპარატების უმეტესობა კონტაქტური მოქმედებისაა, ყოველი წვიმის შემდეგ აუცილებელია განმეორებითი წამლობის ჩატარება. ბიოპრეპარატების ეფექტურობა საკმაოდ მაღალია დაავადებების ეფიფიტოტიის (ინტენსიური გავრცელება) პირობებშიც თუ დავიცავთ სპეციალურად ბიომეურნეობებისთვის შედგენილ წამლობის სქემებსა და რეკომენდაციებს. ბიოპრეპარატების ეფექტურობის გაზრდის მიზნით მიზანშეწონილია ბიომიმწებებლების გამოყენება.
- რა უპირატესობა აქვს ბიოპრეპარატებს ქიმიურ საშუალებებთან შედარებით როგორც ვაზისთვის, ისე ნიადაგისა და გარემოსთვის?
- სასოფლო-სამეურნეო კულტურებში ბიოპრეპარატების გამოყენების უპირატესობა ქიმიურ სინთეზურ პრეპარატებთან შედარებით შემდეგია;
ა. ბიოპრეპარატებით წამლობის შემდეგ ლოდინის პერიოდი მცირეა, ზოგჯერ არ აღემატება 1-2 დღეს ან საერთოდ არ გააჩნია:
ბ. ბიოპრეპარატების გამოყენება სრულიად უსაფრთხოა ადამიანებისათვის, ცხოველებისა და ფრინველებისთვის, თევზებისათვის, სასარგებლო მწერებისათვის (მტაცებლები, პარაზიტები) და არ იწვევს ნიადაგისა და გარემოს დაბინძურებას, ასევე არ იწვევს ვაზის ფოთლებისა და ყლორტების ფიტოტოქსიკურობას.
- როგორ უნდა შეარჩიოს მევენახემ პრეპარატი ვენახის მდგომარეობის, ჯიშისა და სეზონის მიხედვით?
- მევენახე-მეურნემ, მავნე ორგანიზმების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით როგორც ახალშენი, ისე მსხმოიარე ვაზისათვის უნდა შეარჩიოს გამოსაყენებლად საჭირო ბიოპრეპარატების ასორტიმენტი, მხოლოდ ბიომეურნეთათვის შედგენილი ვაზის წამლობათა სქემის მიხედვით.
- კლიმატის ცვლილების ფონზე – გვალვა, მაღალი ტემპერატურა და არასტაბილური ამინდი - როგორ იცვლება წამლობის როლი ვაზის დაცვაში?
- ინტენსიური კლიმატური პირობების ცვლილებების ფონზე მოსალოდნელი რისკებიდან გამომდინარე (ხშირი ნალექი, სეტყვა, გვალვა, მაღალი ტემპერატურა, გაზრდილი რადიაციული ფონი და სხვა) საჭიროა ბაზარზე არსებული ბიოპრეპარატების გეგმაზომიერი გამოყენება. ფიტო-სანიტარული მონიტორინგის საფუძველზე უნდა მოხდეს წამლობათა ჯერადობის გაზრდა ან პირიქით შემცირება.
- რას ურჩევდით იმ მევენახეებს, რომლებიც პირველად აპირებენ ვენახის მოვლას და რა ძირითადი წესები უნდა გაითვალისწინონ წარმატებული შედეგისთვის?
- მევენახე-მეურნეებს, რომლებსაც წლების განმავლობაში მოჰყავდათ მოსავალი სინთეზური ქიმიური პრეპარატების გამოყენებით, შეუძლიათ 3-4 წლის შემდეგ (კონვერსიის პერიოდის გავლით) ინტენსიური მეურნეობა ჩაანაცვლონ ბიომეურნეობით. რაც შეეხება ახალბედა მევენახე-მეურნეებს, რომლებიც იწყებენ ვენახის გაშენების პროცესს, შეუძლიათ ვაზის ნერგის დარგვიდანვე დაიწყონ მავნე ორგანიზმების წინააღმდეგ ბიოპრეპარატების ინტენსიური გამოყენება.
© ღვინის კლუბი/vinoge.com